კახაბერ ჭიჭინაძე - დღეს ფარული ომია, ამიტომ პრეზიდენტს, თუ ის თოჯინა არ არის, პირველივე დღიდან ბრძოლა და მთავარსარდლობა მოუწევს
დღეს ფარული ომია და პრეზიდენტს, თუ ის თოჯინა არ არის, პირველივე დღიდან ბრძოლა და მთავარსარდლობა მოუწევს, რადგან ქვეყანა კაპიტულაციურ მდგომარეობაშია, როცა მიგრაციითა და ყველანაირი ხერხით ებრძვიან ჩვენს ზნეობას, კულტურასა და ადათებს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახაბერ ჭიჭინაძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ვიღაც ომს გამოგვიცხადებს. ომი დაწყებულია და ბრძოლა გრძელდება ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ქვეყნის აღორძინებისა და თავისუფლებისთვის. კახაბერ ჭიჭინაძე ამ ბრძოლას პირველივე დღიდან დაიწყებს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას განიხილავს მთავარ საგარეო გამოწვევად და როგორ აპირებს საგარეო მიმართულებით მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ მისი ხედვა მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკისგან განსხვავდება, კახაბერ ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ მისი ხედვა არსებული ხელისუფლების ხედვისგან და კურსისგან საგრძნობლად განსხვავდება. მას მიაჩნია, რომ საქართველო სხვა ქვეყნების მიმართ ყოველგვარი სამხედრო ვალდებულებებისგან თავისუფალი, ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს.
„არ გამოვრიცხავ ურთიერთობას კონკრეტულ ქვეყნებთან. მაგალითად, შეიძლება, აშშ-სთან შეიარაღების კუთხით ვითანამშრომლოთ, მაგრამ არა ალიანსთან, ნატო-სთან, რადგან ჩვენ აუცილებლად ცეცხლის წინა ხაზზე, დაპირისპირების შუა ცენტრში აღმოვჩნდებით და ჩვენი ერის გადარჩენის საკითხი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამიტომ ჩვენი სულიერი მოთხოვნაც კი, სამშვიდობო უნდა იყოს. სხვა ქვეყნებისთვის საკმარისი სისხლი გავიღეთ და მოვიდა ეტაპი, როცა მსოფლიოში მშვიდობის ფლაგმანი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
დებატში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, თემურ შაშიაშვილის შეკითხვაზე, უჭერს თუ არა მხარს, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას დაუბრუნდეს, კახაბერ ჭიჭნაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მმართველობა ცრუ გზაზე წასვლაა და ის საპრეზიდენტო არჩევნების შენარჩუნებას ემხრობა.