კახა სიხარულიძემ იუნესკო-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ კულტურის საკითხებში იუნესკო-ს გენერალური დირექტორის მოადგილის, ერნესტო ოტონის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების რეგიონულ კონსულტაციებში კულტურის პოლიტიკის საკითხებზე. კახა სიხარულიძემ თემატური სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ ონლაინ ღონისძიებას უძღვებოდა ხორვატიის რესპუბლიკის კულტურისა და მედიის მინისტრი, ნინა ობულიენ კორზინეკი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები და მოადგილეები, იუნესკოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს და კონსულტაციები გამართეს შემდეგ თემებზე: ინვესტირება კულტურასა და შემოქმედებაში სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის; ციფრულ გარემოში კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სოციალური ჩართულობის, დიალოგისა და მშვიდობისთვის; კულტურასა და განათლებას შორის კავშირის გაძლიერება ადამიანზე ორიენტირებული განვითარებისა და მდგრადობისთვის.
რეგიონული კონსულტაციები წარმოადგენს კულტურის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების UNESCO-ს მსოფლიო კონფერენციის მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც 2022 წლის 28-30 სექტემბერს არის დაგეგმილი.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.