სალომე ზურაბიშვილი იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა  
სალომე ზურაბიშვილი იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა  

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი პარიზში, იუნესკო-ს სათაო ოფისში, იუნესკო-ს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მიღმა, მიზანმიმართულად ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა და არ არსებობს რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის იუნესკო-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს მათ მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს.

პრეზიდენტის ადმინიტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა დააყენა საკითხი, რომ იუნესკო-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი.

„როგორც იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები არის ასევე, რეგიონის სხვა ზონებში და იუნესკო ცდილობს, ჰააგის კონვენციის ფარგლებში შეიმუშაოს ახალი მექანიზმები, რომლებიც საშუალებას მისცემს, კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას. ჰააგის კონვენცია დღევანდელ ვითარებაში ძალზედ აქტუალურია და საჭიროებს რევიზიას, რათა საომარ ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად ახალი მექანიზმები შემუშავდეს.

პრეზიდენტმა კვლავ დააყენა საკითხი, იუნესკო-მ განიხილოს, როგორ შეიძლება იზრუნოს და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს კავკასიურ ენათა ოჯახის ენებს. სალომე ზურაბიშვილმა იუნესკო-ს გენერალური დირექტორი საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება. შეხვედრისას პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს იუნესკო-სთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.