კახა ოქრიაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ამგვარი განცხადებით აზიანებს საკუთარ რეიტინგს და, შესაძლოა, მმართველ პარტიასაც
დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასა და ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებას არ ეთანხმება. ოქრიაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამგვარი განცხადებით საკუთარ რეიტინგს და, შესაძლოა, მმართველ პარტიასაც აზიანებს.
„პრეზიდენტის მეორე განცხადება გავრცელდა, რომ მისი განცხადება არასწორად ინტერპრეტირებული იყო. არ ვიცი, პრეზიდენტის რომელი განცხადებაა უფრო სწორი, პირველი თუ მეორე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არ ვეთანხმები არც პირველ და არც მეორე განცხადებას. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ უნდა გვყავდეს, და იმედია, გვყავს, პატარა, მაგრამ ძალიან ეფექტური ჯარი. აგრეთვე, ძალიან ეფექტური თავდაცვითი საშუალებები უნდა გვქონდეს. პირველი ნაბიჯები არის გადადგმული. ვგულისხმობ ჯაველინის სიტემებს. კარგი იქნება, თუ გვექნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები და წინააღმდეგი ვიქნები ყოველთვის, რომ ჩვენ გვქონდეს თავდასხმითი შეიარაღება. თავდაცვითი შეიარაღება ჩვენთვის აუცილებელია. ქართველ ვაჟკაცზე მაგარი კარისკაცი არ მგონია, მსოფლიოში ვინმე იყოს. ვფიქრობ, პრეზიდენტი ამგვარი განცხადებებით საკუთარ რეიტინგს და, შესაძლებელია, მმართველ პარტიასაც აზიანებს“ ,- განაცხადა ოქრიაშვილმა.
საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მსახურობს და ამ პროცესში (ქართული კულტურის გატანაში) ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.
„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რომელსაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამასთან, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა.