პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა.

​„საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა. პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ შეგვიძლია მსოფლიო დავიპყროთ კულტურით.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.