სალომე ზურაბიშვილი - რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს
სალომე ზურაბიშვილი - რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა.

პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით შენარჩუნებულია თვითმყოფადობა, მაგრამ გლობალიზაციის პერიოდში საქართველო დაიკარგა, მისი ხმა ისე აღარ ისმის, როგორც უნდა ისმოდეს და საჭიროა ამ ყველაფრის დაბრუნება.

„დღეს სწორედ გლობალიზაციის პერიოდში ვართ. ჩვენ არ შეიძლება, დავიკარგოთ, გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეცნიერული საუნჯე, რომელიც არა მარტო უნდა დავიცვათ, უნდა გავაძლიეროთ და გავიტანოთ. ყველა აქ მყოფი ადამიანი ამ ძალიან დიდი საქმის მონაწილე ხართ, და ჩვენ ჩვენი ძალები უნდა შევაერთოთ. არ შეიძლება, შემოვიფარგლოთ მხოლოდ საქართველოთი. ჩვენ ვართ, ვიყავით და  ყოველთვის ვიქნებით კავკასიის კულტურულ-მეცნიერული კერა და ცენტრი. ეს ჩვენ თავში უნდა დავიჯეროთ, ზოგჯერ ესეც გვავიწყდება. რატომღაც რაღაც დაკომპლექსებული ერი გავხდით, როცა უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მისი აზრით, უცხოეთში უნდა აღდგეს ქართულ ენაზე პერიოდული გამოცემები, ასევე უნდა მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ონლაინ პლატფორმის ათვისება ამ პროცესში.

ამასთან, პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ამ პროცესში [ქართული კულტურის გატანაში] ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს, საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი დაფუძნდეს.

„სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად, კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“. ცენტრი უზრუნველყოფს კოორდინაციას საქართველოს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევით ორგანიზაციებს შორის, რათა საქართველოს, კავკასიისა და ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების, კულტურათა და რელიგიათა მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობისთვის მეცნიერულად იქნას შესწავლილი და საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოს, კავკასიისა და რეგიონის შესახებ“, – ნათქვამია საკოორდინაციო ცენტრის შექმნის მოთხოვნით გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის ბოლოს, საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.