კახა კუჭავა - ყველა კონფლიქტი „ქართული ოცნების”ოფისის წინ მოხდა, რაც მიუთითებს, რომ იყო პროვოკაციები
კახა კუჭავა - ყველა კონფლიქტი „ქართული ოცნების”ოფისის წინ მოხდა, რაც მიუთითებს, რომ იყო პროვოკაციები

როგორ შეიძლება, შემაშფოთებელი და ძალიან სამწუხარო არ იყოს ის, რასაც ვხედავთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს, მიუღებელია ძალადობა და აუცილებელია, არა მხოლოდ გამოძიება ჩატარდეს ეფექტიანად, არამედ აუცილებლად დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილე იყო და მოძალადე იყო ნებისმიერ ინციდენტში მიუხედავად იმისა, ვინ რა პარტიას წარმოადგენს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ მარნეულის ინციდენტებთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას.

კუჭავას თქმით, ყველა კონფლიქტი „ქართული ოცნების”ოფისის წინ მოხდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იყო პროვოკაციები.

„ალბათ, ზოგიერთისთვის ძალიან რთულია იმ პროვოკაციულ ნაბიჯებს გაუძლოს, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ვხედავთ. ყველა კონფლიქტი „ქართული ოცნების”ოფისის წინ მოხდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იყო პროვოკაციები და ეს დასტურდება კიდეც. ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვება და სამწუხაროდ, დაშავებული იყვნენ ადამიანებიც. თუმცა, იყო შემთხვევაც, როცა გზაზე გადააყენეს პირდაპირ მანქანით და იმდენად უმოწყალოდ სცემეს, რომ სახის ძვლის მოტეხილობები აქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დაზარალებული ვინ იქნება, უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას. მართლაც, რომ სამაგალითო ვართ და ყველას აქვს დიდი მოლოდინი, რომ საქართველოში კიდევ ჩატარდება დემოკრატიული, თავისუფალი, ღია არჩევნები. აუცილებელია ეს შევინარჩუნოთ და კიდევ ერთხელ ვიყოთ, სამაგალითო არა მხოლოდ რეგიონში“, – განაცხადა კუჭავამ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მარნეულის ინციდენტებზე საუბრისას დღეს განაცხადა, რომ თითოეულმა პარტიამ მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია.