კახა კუჭავა სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
კახა კუჭავა სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები, მიღებული შედეგები და ის სამომავლო გეგმები იყო, რომლებშიც კვლავ აქტიურად იქნება ჩართული მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო „კოვიდ-19“-ის პანდემიის შემდგომ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად გასატარებელ ღონისძიებებსა და იმ მხარდაჭერას, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოში წლების განმავლობაში ახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისა და აქტიური თანამშრომლობისათვის.

„მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთვის, მისი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უდიდესი მხარდაჭერა აქვს განხორციელებული. შეხვედრაზე რეგიონულმა დირექტორმა იმ ამბიციურ გეგმებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც საქართველოში გეგმავენ. საუბარია როგორც ვაქცინაციის პროცესებზე, ასევე, პოსტკოვიდურ პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებისა და აღდგენის პროგრამებზე“, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

თავმჯდომარის მოადგილემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს საპარლამენტო გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. კახაბერ კუჭავამ სებასტიან მოლინეუსს გააცნო ის პრიორიტეტები, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო აქტიურად მუშაობს და აერთიანებს როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებს, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებს.