კახა კუჭავა - საბერძნეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების ნაწილში, რათა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი წარმატებული იყოს
საბერძნეთში ვსტუმრობ საქართველოს მეგობრებს – თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელების ნაწილში, რათა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი წარმატებული იყოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინოს ტასოულასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კახა კუჭავა ათენში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.
კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
ბერძენ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საბერძნეთში, დასავლური ცივილიზაციის და დემოკრატიის დაარსების ადგილას, ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია დიდებული კულტურული მემკვიდრეობა და უძველესი ისტორია.
ათენს ვსტუმრობ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის ფარგლებში, სადაც თავადაც ვისაუბრებ გარემოს თემაზე. ეს არის ის საკითხი, რაზეც ყველა ჩვენგანი ზრუნავს. უნდა ვიმუშაოთ უფრო აქტიურად, რომ გარემო სათანადოდ იყოს დაცული და მომავალ თაობებს ჰქონდეთ ჯანსაღი ცხოვრება.
ამავე დროს, ათენში ვსტუმრობ ჩვენს მეგობრებს. საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საბერძნეთში დიდი ქართული დიასპორა ცხოვრობს. მადლობას გიხდით რთულ პერიოდში მათი და ქართველი ხალხის გულთბილი მიღებისთვის.
საქართველო ახლა ძალიან საინტერესო პერიოდს გადის. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და გადაწყვეტილება, გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და შეუერთდნენ ევროკავშირის ოჯახს არის ის, რაზეც ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ მომდევნო წლებში, რაც ნიშნავს ბევრ რეფორმას, ბევრ ამბიციურ წინგადადგმულ ნაბიჯს. სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა პარლამენტებს შორის. თქვენი მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელი იქნება რეფორმების განხორციელების ნაწილში, რათა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი წარმატებული იყოს.
მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, შემდეგი დღეების მანძილზე განვიხილავთ საკითხებს, რაც ყველა ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, გვექნება შედეგები, ვინაიდან მასში მონაწილე ყველა თავმჯდომარე ერთგულია ამ საკითხების და მოწადინებულია, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.