კახა კუჭავა - 700 ევროპარლამენტარიდან ორის კრიტიკული განცხადება არ გამკვირვებია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ევროპარლამენტში გამართულ დებატებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა.
მისივე თქმით, ასევე საქართველომ მიიღო პოზიტიური გზავნილი, რომ ქვეყანა იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
„გუშინ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ევროპარლამენტში დებატები ჩატარდა. ძალიან უნდა ეცადო, რომ ეს დებატები და ანგარიში როგორმე ნეგატიურში გაიყვანო, ამას მიუთითებს ის განცხადებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც განახორიციელა საქართველოს ხელისუფლებამ, რამდენად დიდია მიღწევები, რომელიც ქვეყანამ ამ გზაზე გაიარა. რაც ყველაზე მთავარი იყო, საინტერესო კომენტარი იყო, რომ საქართველო იმსახურებს და ძალიან მალე უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ის მთავარი პოზიტიური გზავნილები, რომელიც მივიღეთ“, – განაცხადა კუჭავამ.
კუჭავას განმარტებით, გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებებიც, რომ კონკრეტული მიმართულებების გათვალისწინებით საქართველომ უნდა გააძლიეროს რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების თვალსაზრისით.
„იყო ორი პარლამენტარი კრიტიკული გზავნილებით, მაგრამ 700 ევროპარლამენტარიდან ორის კრიტიკული განცხადება და სურვილი, რომ გარკვეული მიმართულებით შეიძლება უკეთესი გაკეთებულიყო, არათუ მისაღებია, აუცილებელია, გავითვალისწინოთ და ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს.
სასამართლოსთან დაკავშირებით მოვისმინეთ საინტერესო განმარტება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც ნახსენებია, რომ იმ რეფორმებეს მიესლამებიან, რომელიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ, თუმცა ისურვებენ, რომ რეფორმების ტალღა არ შეწყდეს და კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდოს. სასამართლოს მეოთხე ტალღა ამ მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა, ახლა მთავარია, ეს ზუსტად იყოს აღსრულებული და უფრო მეტი მიღწევები იყოს“, – განაცხადა კუჭავამ.
რაც შეეხება ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, კუჭავა ამბობს, რომ მსგავსი კრიტიკა არ გაკვირვებია.
„ასეთი კრიტიკა არ გამკვირვებია, ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კრიტიკული გზავნილებით, თუნდაც ერთი წლის წინ რომ გავიხსენოთ, ასეთი გზავნილები უფრო მეტი იყო, მაგრამ მათთან მუშაობით და განხორციელებული რეფორმებით შევძელით, ყველა დაგვერწმუნებინა, რომ ცდებოდნენ და დარწმუნებული ვარ, ამ ქალბატონსაც აზრს მალე შევაცვლევინებთ და მივახვედრებთ, რომ ამ შეფასებაში ცდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, კუჭავას განცხადებით, ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ მიესალმებიან გადადგმულ ნაბიჯს და წუხილს გამოთქვამენ, რათა ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო იმ ისტორიულ შეთანხებაში, რომელიც საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებს.
„ოპოზიცია ცდილობს, მათი მომხრეების მხრიდან გაკეთებული ერთი-ორი კრიტიკული ნათქვამით გადაფარონ ის დიდი პოზიტივი, რაც ანგარიშს აქვს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.