ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოში თანაბარი პირობები უნდა იყოს გარანტირებული ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი - საქართველოში თანაბარი პირობები უნდა იყოს გარანტირებული ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე

ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„ჩვენ ბევრი გამოწვევა ვიხილეთ საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში და კარგი იყო იმის ხილვა, რომ საქართველოს საერთაშორისო მეგობრების თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო. ჩვენი და თქვენი მხარდაჭერით მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ, რომლითაც უახლოესი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიულ გზაზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

მისი თქმით, საქართველომ ასევე მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში.

„ამ ბრძოლაში ევროკავშირი საქართველოს ასობით მილიონი ევროთი დაუდგა გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ზოგიერთი პრობლემა კიდევ დასაძლევია. შიდა ასპარეზზე მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ემუქრება დემოკრატიას, საგარეო ასპარეზზე რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს, ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს სამხედრო ოკუპაციით, მცოცავი ანექსიითა და კიბერთავდასხმებით. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სუვერენიეტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს. თანაბარი პირობები და ერთნაირი თამაშის წესები უნდა იყოს გარანტირებული ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დატოვე კომენტარი