კახა კოჟორიძე - პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეებისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა
საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ იურიდიულ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რაზეც არსებობს ძალიან ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი.
„სწორედ ამ კონსენსუსის და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყო იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობა, მათ დაესახელებინათ შესაბამისი კანდიდატი. სამწუხაროდ, ამ ფორმატთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, უახლოეს მომავალში პრეზიდენტი თავად მიაწვდის საზოგადოებას გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატურის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით დღეს შეხვედრა გამართა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა.