კახა კიკნაველიძე - მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთზე ახალი ზღვარი ბანკებს არ დააზარალებს
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე ვარაუდობს, რომ მაქსიმალური წლიური საპროცენტო განაკვეთის შემცირებას 100-დან 50 პროცენტამდე საბანკო სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.
მისი თქმით, მსგავსი მაღალპროცენტიანი სესხების დიდი ნაწილი არასაბანკო სექტორზე მოდის.
„ასეთი სახის სესხების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საბანკო სექტორის გარეთაა. საბანკო სექტორზე ამას გაცილებით ნაკლები გავლენა ექნება, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე და ონლაინ სესხების კომპანიებზე“, – აღნიშნა კიკნაველიძემ.
ამასთან, „საქართველოს ბანკის” ხელმძღვანელის განცხადებით, გაცილებით დიდი გავლენა ბანკებზე და მათ მომხმარებლებზე 7 მაისს ამოქმედებულ ინიციატივას ექნება, რომლის მიხედვით შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა შეიზღუდა.
საბანკო და არასაბანკო სექტორში მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირება 100-დან 50 პროცენტამდე იგეგმება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.