თბილისის მერის კიდევ ერთი მოადგილე ილია ელოშვილი იქნება. კახი კალაძემ ელოშვილი ოფიციალურად წარადგინა.
“მინდა ილიას წარმატებები ვუსურვო. მას ყველა იცნობთ, ჩემთან ერთად წლების განმავლობაში ენერგეტიკის სამინისტროში მოადგილედ მუშაობდა. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ 2012 წლიდან, ილიას დამსახურება ძალიან დიდია საქართველოს ენერგეტიკის წინსვლაში, განვითარებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახალი ენერგიით, ჩვენ ძალიან ბევრს გავაკეთებთ დედაქალაქის წინსვლასა და განვითარებაში. წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი გვქონდა შვიდპუნქტიანი გეგმა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას. შესაბამისად ყველა პროექტის განხორციელებაში, რომელიც არის დადგენილი და რომელთა გახორციელებასაც ვაპირებთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მთელი გუნდით მივიღებთ მონაწილეობას. ყოველთვის ვამბობდი, რომ მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდი, რომელიც უნდა იყოს დაკომპლექტებული პროფესიონალი, კომპეტენტური და პატიოსანი ადამიანებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მოადგილეს, გიგა ნიკოლაიშვილს, რომელიც კახი კალაძის განცხადებით,
დაცვის პოლიციის ხელმძღვანელად განაგრძობს მუშაობას.
ილია ელოშვილის განცხადებით, მისთვის უდიდესი პასუხიხისმგებლობაა კალაძის გუნდში ყოფნა.
“მიხარია იმ გუნდში ყოფნა, რომელშიც ვხედავ ძალიან დიდ მონდონებას, ძალიან დიდ ენერგიას და ვეცდები გავამართლო, ბატონო მერო თქვენი იმედები”, – აღნიშნა ილია ელოშვილმა, რომელიც გამგებლების კურირებას ჩაიბარებს.
ილია ელოშვილი ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძის მოადგილე იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც კალაძე “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი და შემდეგ მერი გახდა და უწყება დატოვა, მინისტრის თანამდებობა ილია ელოშვილმა ჩაიბარა.
მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებისა და ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ, ილია ელოშვილი მუშაობას უკვე დედაქალაქის მერიაში განაგრძობს. მას თანამდებობის დასაკავებლად თბილისის საკრებულოს თანხმობა დასჭირდება.