კახა კალაძემ ე.წ. ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა.
სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.
სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს.
პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვით, საავტომობილო მიმოსვლა თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით შეიზღუდა.
აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო მიმოსვლა საპირისპირო მიმართულებაზე გადაერთო და მოძრაობა ორმხრივი გახდა. სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე, შეზღუდვა აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე იმოქმედებს და საპირისპირო მიმართულება ორმხრივი გახდება.
პროექტის განხორციელების პროცესში, თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, კოორდინირებულად მუშაობს.
ამასთან, აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ფარგლებში, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შესაბამისად, 17 ივნისის ჩათვლით, პანდუსის გავლით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვალა.
მუნიციპალური ავტობუსები: N1, N12, N22 და N41 და მიკროავტობუსები: N107, N154, N205 და N221 კახეთის გზატკეცილიდან მეტროსადგურ „ისანთან“ მოსახვედრად, ჯავახეთის ქუჩასა და მოსკოვის გამზირს აღარ გადიან. ისინი კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ჩაჩავას ქუჩიდან უხვევენ.
გარდა ამისა, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრავი მიკროავტობუსები N82 და N165 მეტროსადგურ „ვარკეთილთან“, მესამე მასივის – აბაშვილისა და კალოუბნის ქუჩებიდან ადიან.