კახა კალაძე - წყნეთი-ბეთანიის გზაზე უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული
წყნეთი-ბეთანიის გზაზე უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან დიდი პრობლემა იყო ამ გზის არარსებობა. დღეს წყნეთი-ბეთანიის გზა უკვე ოფიციალურად გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული. ხედავთ რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული. აქ დამონტაჟდა სპეციალური მოწყობილობა, თუ რაიმე საფრთხე იქნება, გზა აუცილებლად ჩაიკეტება და ადამიანებს საფრთხე არ შეექმნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
აღნიშნული გზის მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა და მის რეაბილიტაციას 14 თვე დასჭირდა.