კახა კალაძე - ვერც ანა დოლიძეს და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო ვეღარავინ განდევნის, ძალადობას საქართველოში მომავალი არ აქვს
ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ, ვერც ანა დოლიძეს და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო ვეღარავინ განდევნის, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე „ფეისბუქზე“ წერს.
მისივე თქმით, მეორე ტურში გასვლამ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ფიზიკური ტერორის შესაძლებლობა აღარ აქვს და სიტყვიერი ტერორით იკმაყოფილებენ ძალადობის ჟინს. მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ.
ხელისუფლების კრიტიკაში ანა დოლიძეს უკან არასოდეს დაუხევია. დღეს კი, როცა გამოდის და თავის პოზიციას, აზრს აფიქსირებს, ისეთს, რაც ვიღაცისთვისაა მიუღებელი, თავს დაესხნენ, როგორ გაბედა ჩვენი კრიტიკაო. მცდელობების მიუხედავად, არ იმალება ნაცებში ძალადობის მოთხოვნილება.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ვერც ანა დოლიძეს, და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო, ვეღარავინ განდევნის. ძალადობას საქართველოში მომავალი არ აქვს“,- წერს კახა კალაძე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის პირობა, რომ ახალაიებს და მერაბიშვილს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში, ამის დაშვება არ შეიძლება.
ამასთან, დოლიძის თქმით, ახლა თუ დოლარი 2,70 -ია, ვაშაძის მოსვლის შემთხვევაში 6,70 იქნება.
ანა დოლიძის განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2-“ის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. ნიკა გვარამიას თქმით, „ანა დოლიძე უკიდურესად მავნებლური სისულელისთვის ან ბოდიშს მოიხდის, ან შეუერთდება გედი ფოფხაძეების გრძელს რიგს“.