კახა კალაძე - ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ ცხადია, ნიკა მელიას ქმედებებში იკვეთება დანაშაული
ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს და რაღაც კმაყოფილებას ვერ მივიღებ, ვინც არ უნდა იყოს, რა მძიმე პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ქონდეს, რთულია, როდესაც ადამიანი მიდის ციხეში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, როდესაც პოლიტიკოსი ხარ, პოლიტიკური ფიგურა ხარ, ჩვეულებრივ რიგით ადამიანებზე მეტად ორჯერ მეტი პასუხიმგებლობა გვაკისრია.
„ის ქმედება, განცხადებები, მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, 20 ივნისის ღამეს, ეს იყო ძალიან მძიმე და რა შედეგიც მოყვა ყველამ ვნახეთ. მე ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ცხადია, იკვეთება დანაშაულები და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. იყო გადაცდომები? რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ზოგადად უნდა შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და არა გადატრიალების, დამხობის გზით“, – განაცხადა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სააპელაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს დღეს განიხილავს. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოსგან ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.