კახა კალაძე - თბილისის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ
დედაქალაქის მერია გარევაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარემოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ.
„ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ხდება. ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. იგივე იყო სამგორში, გლდანში. რამდენიმე დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარემოვაჭრეებს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც მისცა შესაბამისი გაფრთხილება და შეთავაზება, რომ ათი დღის ვადაში, ბაზრობების შიდა ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. გარკვეული ნაწილი ამას დათანახმდა, თუმცა, იყო დარჩენილი ადამიანები, ვინც საქმიანობას ბაზრობის გარეტერიტორიაზე განაგრძობდა. კარგად მესმის, რომ ადამიანებს უჭირთ და ვინც იქ დგას, დალხენილი არავინაა. ადამიანები ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, ცივილური ფორმით. მინდა, ბაზრობის ადმინისტრაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან მათ გარემოვაჭრეების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტენდენციას განვაგრძობთ და მსგავსი სივრცეები კანონის შესაბამისად მოწესრიგდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
ასევე დედაქალაქის მერმა უკანონო მშენებლობების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო მიწების მიტაცების შესაძლებლობას არავის მისცემს.
„რამდენიმე დღის წინ სამგორის რაიონში ჩვენმა სამსახურებმა განახორციელეს დემონტაჟი იმ მშენებარე ნაგებობების, რომელიც სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ არის განთავსებული. სახელმწიფო მიწების მიტაცების ფაქტები გრძელდება. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ. შემდეგ გამოდიან და სპეკულირებენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ასეთ ოჯახებს ვეხმარებით და ჩვენი პროგრამებით გვერდით ვუდგავართ. ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველვყოფთ საცხოვრებელი ფართებით. თუ სტატუსი არ აქვთ მიღებული, შესაძლებლობა აქვთ, ქირით გავიდნენ, რასაც ჩვენ ვიხდით. ყველას დავეხმარებით, ვისაც მართლა უჭირს და ჩვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ მიწების მიტაცების და იქ უკანონო შენობების განთავსების საშუალებას არავის მივცემთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.