კახა კალაძე - სიცრუეა, თითქოს ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე აშენდება
თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩებზე ესტაკადის მშენებლობაზე ცრუ განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რაც არის დიდი სიცრუე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორ კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
„პროექტი განხორციელდება, ეს არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რაც არის დიდი სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საბედნიეროდ, არის უამრავი შესაძლებლობა, რომ ადამიანებს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია და ჰქონდეთ წვდომა იმ პროექტთან დაკავშირებით, რა პროექტის განხორციელებასაც ვაპირებთ“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 17 აპრილს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა იწყება. მისი თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 მლნ 700 ათასი ლარი დაჯდება და დასრულებას ხუთი თვე დასჭირდება.
როგორც მერმა აღნიშნა, მოეწყობა ორდონიანი კვანძი, გზაგამტარი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.