კახა კალაძე - საზაფხულო ბაღებში წელს 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია
კახა კალაძე - საზაფხულო ბაღებში წელს 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია

დედაქალაქში მესამე კვირაა, საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს, საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც ივლისში ქალაქში რჩებიან.

„გასული წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა საზაფხულო ბაღებზე მზარდია და ამის გათვალისწინებით, წელს 45-დან 50-მდე გავზარდეთ ბაღების რაოდენობა. საზაფხულო ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი პატარების კომფორტისთვის – ბაღები აღიჭურვა და მომარაგდა მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო ინვენტარით. წელს საზაფხულო ბაღებში 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით მაღალი რიცხვია. ამასთან, პროექტის შედეგად დამატებით ანაზღაურებას მიიღებს სისტემის 3 100 თანამშრომელი. საზაფხულო ბაღები თბილისის ბიუჯეტიდან ექვსი მილიონი ლარით დაფინანსდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე 2 700-მა ბავშვმა გაიარა.

„დაიწყო რეგისტრაცია 2024-2025 სააღმზრდელო წლისთვის თბილისის ბაღებში და ამ დროისთვის, პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარა 2 700-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე, დღეის მდგომარეობით, 4 000 ბავშვმა. ახალ სააღმზრდელო წელს მნიშვნელოვანი სიახლით შევხვდებით – გაიხსნება სამი ახალი საბავშვო ბაღი. ასევე, გაიხსნება ორი რეაბილიტირებული შენობა და ბავშვები ალტერნატიული ფართებიდან და ახლომდებარე საბავშვო ბაღებიდან დაბრუნდებიან განახლებულ გარემოში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა-მოდერნიზების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტების განხორციელება. ყველანაირი პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ პატარებს ნორმალურ გარემოში მოუწიოთ სააღმზრდელო პროცესი. იცით, როგორია ახალაშენებული ბაღები, რა სტანდარტია. ჩვენი მიზანია, დედაქალაქში ბაღის ძველი შენობები არ დარჩეს. მათი სრული განახლება-მოდერნიზება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.