კახა კალაძე - რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები და გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ
სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები, რადგან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და გადაწყვეტილებას მივიღებთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
„მგონი, ყველამ კარგად ვიცით, რომ წელს საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საკმაოდ დიდი შეხვედრა იყო თავისუფლების მოედანზე, სადაც 150 000-ზე მეტი ადამიანი იყო გამოსული. ერთად აღვნიშნეთ. კვირეულიც გაიმართა. შესაბამისად, თავმჯდომარე ქვეყანა რომ ვართ, წესდებით არის გათვალისწინებული, რომ მინისტერიალი უნდა ჩატარდეს საქართველოში. დელეგაციას რაც შეეხება, რუსეთიც შედის ამ დელეგაციაში. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები, რადგან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ბევრი აბსურდული განცხადება გაკეთდა.
„მოვისმინეთ მუქარები. რაც არ უნდა მუქარის ტონის განცხადებები გააკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა, ოპოზიციამ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები გადავდგათ, განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც სწრაფად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო თუ არა შეთანხმებული მთავრობასთან, კახი კალაძემ განაცხადა: „არა, არ ვიცი. ჩემთან არ ყოფილა“.
გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტმა მის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მას არ მოუპატიჟებია საქართველოში რუსეთის წარმომადგენლები, არამედ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან განსხვავებით პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მზადაა, ორგანიზაციის პრინციპებისა და წესების გათვალისწინებით მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა.