სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის წარმომადგენელს მიმართა - ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის წარმომადგენელს მიმართა - ვლადიმერ პუტინის პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა.

ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებელი ქვეყნების კონგრესს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“.

საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, „საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს.

აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო მზადაა, უმასპინძლოს საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები ითვალისწინებს.

„რუსი კოლეგის კითხვა ძალიან საინტერესოა, რადგან შემიძლია, ძალიან მკაფიოდ ვუპასუხო მას. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უნდა უმასპინძლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მაისში. ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს. ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ იღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი