სალომე ზურაბიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს
სალომე ზურაბიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს ქვეყანაში შემოსვლას უკრძალავს

ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ კალაშნიკოვის შეკითხვას.

კალაშნიკოვის კითხვა ეხებოდა მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც საქართველოში უნდა გაიმართოს.

„საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებელი ქვეყნების კონგრესს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“, – განაცხადა კალაშნიკოვმა საქართველოს პრეზიდენტისადმი კითხვით მიმართვისას.

პასუხად, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებართვის გარეშე ნამყოფ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას უკრძალავს.

„რუსი კოლეგის კითხვა ძალიან საინტერესოა, რადგან შემიძლია, ძალიან მკაფიოდ ვუპასუხო მას. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც უნდა უმასპინძლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მაისში. ამ ღონისძიებისთვის საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქარველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც ჩვენი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს. ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს. ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ იღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.