კახა კალაძე - ოპოზიციას რეალურად არგუმენტი არ გააჩნია გენგეგმაზე, ელემენტარულად კითხვას ვერ სვამენ და დოკუმენტს არ გაცნობიან
პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარეობს, დედაქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები არიან მიწვეული, თუ ოპოზიცია არ არის, ეს მათი პრობლემაა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვის მიზნით, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და მერიის წარმომადგენლები თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომიტეტის წევრებს, პარლამენტში თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებს და საკრებულოს უმრავლესობის წევრებს ხვდებიან. ოპოზიცია აპროტესტებს, რომ შეხვედრაზე მათი წარმომადგენლები არ მიიწვიეს.
„ჩვენ გვქონდა სურვილი საკრებულოს ოპოზიციაც ყოფილიყო შეხვედრაზე, თუმცა რეალურად, მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. ელემენტარულად კითხვას ვერ სვამენ დოკუმენტთან დაკავშირებით, ელემენტარულად არ გაცნობიან ამ დოკუმენტს, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმეჯერ მივმართეთ ჩართულიყვნენ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის ფორმირების პროცესში, რომელიც დედაქალაქმა უნდა მიიღოს. მათ ეს არ ისურვეს, გასაგებია რატომაც“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გუშინდელი დღე ამის ნათელი მაგალითია, როცა კალაძის შეფასებით, ოპოზიცია გენგეგმის საჯარო განხილვის ჩაშლასა და დებოშის მოწყობას ცდილობდა.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გუშინ სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, რომელსაც დოკუმენტზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლები, მერობის ყოფილი კანდიდატები, ურბანისტები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა.