ზაალ უდუმაშვილი - ვიღაცები შემალულები არიან კაბინეტებში და იქიდან შენიშვნებს წერენ, ეს არ არის გენგეგმის დოკუმენტის განხილვა
ზაალ უდუმაშვილი - ვიღაცები შემალულები არიან კაბინეტებში და იქიდან შენიშვნებს წერენ, ეს არ არის გენგეგმის დოკუმენტის განხილვა

ვიღაცები შემალულები არიან კაბინეტებში და იქიდან შენიშვნებს წერენ – ეს არ არის დოკუმენტის განხილვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომელიც საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვას ესწრება.

უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მერიის არც ერთი წარმომადგენელი არ მივიდა, რაც მისივე თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ დამოკიდებულებას ამ დოკუმენტის მიმართ, რაც ქალაქის მთავრობას აქვს.

„აქ არ არის საუბარი იმაზე, კმაყოფილი ვართ თუ არა ზოგადად გენერალური გეგმით. გენერალური გეგმა ეს ის თემაა, რომელიც უნდა დამუშავდეს და საბოლოო ვარიანტში მიღებული იქნას ისეთი გენგეგმა ქალაქისთვის, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის.

დღეს ჩვენ მოვიწვიეთ აქ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უამრავი ადამიანი იმისთვის, რომ განგვეხილა გენგეგმა და მერიის არც ერთი წარმომადგენელი არ მოვიდა ამ შეხვედრაზე.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ დამოკიდებულებას ამ დოკუმენტის მიმართ, რომელიც ქალაქის მთავრობას გააჩნია. კაბინეტებში და შემალული კი არ უნდა ხდებოდეს დოკუმენტის განხილვა, არამედ საჯაროდ უნდა განიხილებოდეს. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ერთად  ექსპერტებთან და ამ გეგმის ავტორებთან ერთად გავიაროთ.

რომ მოსულიყო აქ მერიის რომელიმე წარმომადგენელი, თავად ნახავდა როგორ საქმიან გარემოში დაახლოებით ორი საათია მიმდინარეობს ამ დოკუმენტის განხილვა. შოუ კი არა, ეს არის რეალური განხილვა დოკუმენტის, ეს არის საქმიანი მიდგომა, რაც ჩვენ დღეს გავაკეთეთ ამ დოკუმენტის მიმართ“,-განაცხადა უდუმაშვილმა.