კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას, ვინ იქნება კანდიდატი, თუმცა ცხადია, აქვთ დაპირისპირება, რომელიც გუშინ არ დაწყებულა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა თავმჯდომარეს და ვინ იქნება კანდიდატი, თუმცა ნათელია, რომ პარტიაში მიმდინარეობს დაპირისპირება.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება დიდი ხანია, დაწყებულია.
„მათი გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას. თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება კანდიდატი, თუმცა ცხადია, რომ აქვთ დაპირისპირება. ეს თვალნათელია და გუშინ არ დაწყებულა. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება და ვნახოთ, რა, როგორ იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
მისივე თქმით, დეტალებზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს „მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც გააკეთეს ნაჩქარევი განცხადება“.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.