მეტროში მატარებლებს შორის მოძრაობის ინტერვალის შემცირებაზე მუშაობა დაწყებულია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროში მატარებლებს შორის ხანგრძლივ ინტერვალებთან დაკავშირებული პირველი არხის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძის განცხადებით, მეტროში ახალი ვაგონების დამატება იგეგმება. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „შტადლერთან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„რაც შეეხება ინტერვალის შემცირებას, ესეც ჩემი საარჩევნო დაპირება იყო – ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მათ შორის მეტროსი. ჩვენ ვაპირებთ ვაგონების დამატებას. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კომპანია „შტადლერთან“, სადაც გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში გვინდა, მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ „შტადლერის“ ვაგონების აწყობა-წარმოება მოხდეს საქართველოში და დავაკმაყოფილოთ არა ჩვენი მოთხოვნა, რაც დღეს მეტროში გვაქვს, არამედ მოვემსახუროთ მთლიანად რეგიონს. შესაბამისად, ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება და გვინდა, რომ მოცდის მოლოდინის დროის შემცირება მოხდეს ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების დამატებით. პარალელურად, ასევე ჩვენ ვიწყებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, რომელმაც ამოწურა თავისი რესურსი, ჩავუტაროთ მთლიანი რეკონსტრუქცია და მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, იმგზავრონ უფრო კომფორტულად. ეს პროცესები დაწყებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.