კახა კალაძე - მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, დაუშვებელია, რაც დღეს ხდება
კახა კალაძე - მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, დაუშვებელია, რაც დღეს ხდება

ალბათ წინასწარ უნდა გვეფიქრა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესიის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც პარლამენტში რუსი დეპუტატები სესიაზე სიტყვით გამოდიოდნენ.

„მინდა, შევეხო პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს. როგორც ქალაქის მერი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება. ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.