კახა კალაძე - ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისთვის დიდ დიღომში ორი ნაკვეთი გამოიყოფა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე დიდ დიღომში მიწის ორი ნაკვეთი გამოიყოფა.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ჯამში 3500 ადამიანია დაზარალებული, ამ ეტაპზე კი 90-ზე მეტი ოჯახის კომპენსირება მოხდება.
„დღეს მინდა მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოვადგინო და გადაწყვეტილება მივიღოთ კონკრეტულ ორ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე. ეს მდებარეობებია დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ მიწის ორი ნაკვეთი, რომლებიც ჯამში დაახლოებით 2 ჰექტარია და ჩვენი ეკონომიკური სამსახურის მიერ მომზადებული გაანგარიშების საფუძველზე, ამ ეტაპზე შესაძლებელი გახდება დაახლოებით 90-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება. ეს ის ოჯახებია, რომლებიც 90-იან წლებში სახელმწიფოს მიერ დაზარალდნენ და ეს ყველაფერი აღიარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს მოუწოდა, რომ დაინტერესდნენ წარმოდგენილი პროექტით, იქონიონ კომუნიკაცია მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურთან და მონაწილეობა მიიღონ მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში.
ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომ პროექტებზე. უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ კიდევ ახალ პროექტებს და გამოვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ 3-4 წლის განმავლობაში მთლიანად მოვაგვაროთ, მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა და ყველა ოჯახი და ადამიანი დავაკმაყოფილოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
როგორც კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის მერია 90-იანი წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დედაქალაქში მცხოვრებ 3000-ზე მეტ ოჯახს შეეხება.