კახა კალაძე - არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისა და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის
საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს, არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იქნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსეთის მხრიდან შეზღუდვები დაწესებული იყო ცალმხრივად.
„მივესალმები გადაწყვეტილებას, რომ უვიზოდ მიმოსვლა და ფრენები შესაძლებელია, ამაში ცუდი არაფერი არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, კეთდება განცხადებები, რომ სარკინიგზო მიმოსვლა შეიძლება აღდგეს, წავა თუ არა ხელისუფლება ამ დათმობაზე, კახა კალაძემ აღნიშნა: „პირველად მესმის ამის შესახებ. რა დათმობაზე და საქართველოს ნაბიჯებზეა ზოგადად საუბარი, ეს იყო ცალმხრივი სანქცია, რომელიც იყო რუსეთის მხრიდან დაწესებული, მათ მიიღეს გადაწყვეტილება ამ სანქციის გაუქმებაზე. საქართველოს ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და დამაზიანებელი იქნება ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.