კახა კალაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული
კახა კალაძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოლიტიკური განცხადებებით არის გაჯერებული

სამართლებრივი შენიშვნების ნაცვლად, მივიღეთ პოლიტიკური განცხადებებით გაჯერებული დასკვნა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ მედიას განუცხადა.

კალაძის თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ იქნებოდა სამართლებრივი შენიშვნები.

„ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი და განმარტება, რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ცუდი. გვქონდა მოლოდინი, რომ სამართლებრივი შენიშვნები იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით გამოვხატეთ სრული მზაობა, რომ შესწორებები გაგვეკეთებინა. თუმცა, მივიღეთ დასკვნა გაჯერებული პოლიტიკური განცხადებებით. ისინი სამართლებრივ მსჯელობაში არ შესულან. გვითხრეს, კანონი გაიწვიეთო. არადა, კანონი არის გამჭვირვალობის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან, ამის დეკლარირება მოახდინონ და საზოგადოებას უთხრან, რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები. წარმოუდგენელია, რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა ევროპულ ღირებულებებსა და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ვენეციის კომისიამ წარმოადგინა პოლიტიკური მესიჯები.

„ვენეციის კომისიას აზრს რომ ეკითხები, ეს ნორმალური პროცესია. ამას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი, შინაარსობრივი, კონკრეტული ფაქტები, თუ რატომ არის კარგი ან რატომ არის ცუდი. როდესაც ეს ყველაფერი არ არსებობს წარმოდგენილ დასკვნაში და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მესიჯებს შეიცავს, ძალიან მძიმეა. მძიმეა ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა და ანტისამთავრობო მიტინგებზე გამოსვლები, იგივე პირდაპირი მოწოდებები კანონის გაწვევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი, უხეში ჩარევაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ნურავის ჰგონია, რომ საქართველო ვინმეს კოლონიაა. ნუ ექნებათ ეს დამოკიდებულება.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. პატივს ვცემთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს და არასდროს ვიკადრებთ, რომ რომელიმე მეგობარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩავერიოთ, განცხადებები და მოწოდებები ვაკეთოთ. საფრანგეთმა თუ მიიღო, აშშ-ში თუ მოქმედებს და სხვადასხვა ქვეყანაში, რატომ არ შეიძლება საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდეს იგივე კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და დეკლარაციის წარდგენას ითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ქვეყანაში არიან წარმოდგენილი? ეს ხომ არ ეხება ფიზიკურ პირებს, სტუდენტებს, მეცნიერებს და ა.შ.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება გამოაქვეყნა.