კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მეტროს კაბელების განახლება ზაფხულში დაიწყება
დედაქალაქი მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კაბელების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც დღეს ხანძრისას დაზიანდა.
როგორც კალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აღნიშნული კაბელები მეტროს გახსნიდან არ გამოცვლილა. კალაძის ინფორმაციით, მეტროს კაბელების სრული განახლება ზაფხულში, სავარაუდოდ ივნისის თვიდან დაიწყება. დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოებს თბილისის მერია „აზიის განვითარების ბანკის“ დახმარებით განახორციელებს.
„დღეს გვქონდა პრობლემა. დაახლოებით ერთი საათით შეფერხება იყო. მგზავრების უსაფრთხოებისთვის გაჩერდა ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა. პრობლემა იყო ის, რომ კაბელი იყო დაზიანებული. ახლა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ხვალისთვის პრობლემა მთლიანად იქნება მოხსნილი.
1966 წლის შემდეგ, რაც მეტრომ ფუნქციონირება დაიწყო, ძალოვანი კაბელი საერთოდ არ შეცვლილა. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, რომ 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელის მთლიანი რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება დაგეგმილი გვაქვს. „აზიის განვითარების ბანკი“ გვეხმარება. 17 მილიონი დოლარი გამოყოფილია და ტენდერი ჩატარებულია. გვყავს კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს და უახლოეს მომავალში, თუ არ ვცდები ივნისში, პროექტის განხორციელება დაიწყება და მთლიანად მეტროში, ძველი კაბელები ახლით ჩანაცვლდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
24 აპირლს თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაითიშა. ვარკეთილი-ახმეტელის ხაზის შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა. მეტროში შეფერხების გამო, თბილისის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.