კახა კალაძე აცხადებს, რომ სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე-პარკი განახლდება
სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც, ჯამში, შვიდი ჰექტარია, ტყე-პარკი განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვარკეთილის მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი, ასევე გამოხშირვა-გაწმენდის მიზნით მოიჭრა თვითნათესი მცენარეები.
„პროექტის ფარგლებში მიმდინარე წელს 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, გარე განათება, საბავშვო ზონები. დაირგვება ხე-მცენარეები. მომავალ წელს კი დარჩენილ ტერიტორიაზე იგივე სამუშაოები ჩატარდება. ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.