კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხზე გადაწყვეტილებას პარტნიორებთან შეთანხმებით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას, გადაწყვეტილებას სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.
ამის შესახებ კალაძემ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვიმოქმედებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. გვექნება კონსულტაციები მეგობარ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, გადაწყვეტილებას ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომ საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად, კალაძემ აღნიშნა, რომ „გავრილოვი არ არის ის დონე, რომ მისი განცხადებები საინტერესო იყოს“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, „საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს.
აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო მზადაა, მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები ითვალისწინებს.
ამასთან, დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ჩატარდება თუ არა გაზაფხულზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში.
თუმცა, წულუკიანის თქმით, ევროსაბჭოს სტატუტიდან და ასევე იმუნიტეტების შესახებ ევროსაბჭოს შეთანხმებიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის დელეგაციისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა, საქართველოსთვის სანქციებით დასრულდება, რაც სურს ოპოზიციას.