თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის არშემოშვება, საქართველოსთვის დამთავრდება სანქციებით, რაც უნდა ოპოზიციას
თეა წულუკიანი - ევროსაბჭოს რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის არშემოშვება, საქართველოსთვის დამთავრდება სანქციებით, რაც უნდა ოპოზიციას

საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოს საზღვარზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლების შემოშვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტს შეიძლებოდა ჰქონოდა ის ერთადერთი პასუხი, რომელიც მან გასცა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

წულუკიანის თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ჩატარდება თუ არა გაზაფხულზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისში.

თუმცა, წულუკიანის თქმით, ევროსაბჭოს სტატუტიდან და ასევე იმუნიტეტების შესახებ ევროსაბჭოს შეთანხმებიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის დელეგაციისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა, საქართველოსთვის სანქციებით დასრულდება, რაც სურს ოპოზიციას.

„სიტყვის ფარგლებში, როდესაც ქალბატონ სალომეს დაუსვეს შეკითხვა – თუკი საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში, ევროსაბჭო მინისტრთა კომიტეტის სხდომას გაზაფხულზე ჩაატარებს თბილისში, საქართველოს საზღვარზე შემოშვებულები იქნებიან თუ არა რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წარმომადგენლები, ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტს შეიძლებოდა ჰქონოდა ის ერთადერთი პასუხი, რომელიც მან გასცა.

კერძოდ, ევროსაბჭოს სტატუტი და ასევე შეთანხმება იმუნიტეტების შესახებ, რომლის ხელმომწერები ვართ იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონმა ჟვანიამ სწორედ იმ ტრიბუნიდან, რომელზეც ქალბატონი სალომე იდგა რამოდენიმე დღის წინ, თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს, იმ პერიოდიდან ვართ ჩვენ იმ ტექსტების მონაწილე და რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება, საქართველოსთვის სანქციებით დამთავრდება.

ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაედოს სახელმწიფოს. ასევე არსებობს ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა. ჯერ მანამდე დროა. როდესაც დადგება კონკრეტული საკითხი, ტარდება ეს სხდომა საქართველოში, თბილისში, ტარდება სტრასბურგში, თუ ვინ ჩამოდის, ვინ მიდის, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება მსჯელობა. წინასწარ ის აჟიოტაჟი, რაც მოხდა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა და მისი პიროვნება, ინსტიტუტი იყოს დაკნინებული“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელის კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით, „საქართველო აპირებს, გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას იმ პირებს, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული პოლიტიკისგან განსხვავებით, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს.

აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო მზადაა, მიიღოს საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი