კახა კახიშვილი - სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი
მოსახლეობამ შედეგი რაც შეიძლება, სწრაფად უნდა იგრძნოს, რადგან სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს უჭირს, მუშაობა სურს, მაგრამ სამუშაო ადგილები არ არის, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ამისთვის რადიკალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და სწორედ ამიტომ მოიწვია პრემიერ-მინისტრმა კადრები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდმა იმსჯელა და მას წინასწარი თანხმობა მისცა. ხვალ პროფილურ კომიტეტებში იქნება განხილვები, ზეგ პლენარული სხდომები და როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებს საშუალება ექნებათ, კანდიდატთა გეგმები კონკრეტულად მოისმინონ“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილში არის აზრი, რომ ბევრი გეგმა მოუსმენიათ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა და გეგმებით რომ შედეგი მივიღოთ, ეფექტური მექანიზმები სწორედ ამისთვის გახდა საჭირო.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებული იყო სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანება და ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება რეფორმების შეჩერებას, უკუპროცესს, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში ასეთი ტიპის უწყება ცალკე სამინისტროს სახით არ არის და ან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ან შსს-სი.
„იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რა საჭირო იყო, სასჯელაღსრულების სამინისტრო ცალკე ყოფილიყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ კარგი იყო, ამ სამინისტროს სხვადასხვა დროს მინისტრი რომ ჰყავდა, რადგან სისტემაში 2012 წლიდან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დაიწყო და პარლამენტში განსახილველად, რეფორმათა პაკეტების სწრაფად გატანის უფრო მეტი საშუალება იყო, ვიდრე ვთქვათ, იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იქნებოდა. ძირითადად, სწრაფ რეფორმას სწრაფი გზავნილები სჭირდება და როცა ამ სისტემის ხელმძღვანელს პოლიტიკური პორტფელი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობდა“, – განაცხადა კახიშვილმა.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ევროპულ ქვეყნებში, სადაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროშია, ფაქტობრივად, ავტონომიური სისტემაა, სადაც 5 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ამიტომ, სწორია ის ზოგადი საქვეუწყებო ფორმა, რისი უზრუნველყოფაც დღევანდელ მოდელში მოხდა.
„2012 წლიდან, სისტემა რეფორმების იმდენად მყარ ლიანდაგზე დაჯდა, რომ დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები გაგრძელდება. სასჯელაღსრულების სამინისტროში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი თუნდაც, ინფრასტრუქტურული პროექტების, თუ საკანონმდებლო კუთხით, რადგან ეს ის სისტემაა, რომელსაც მუდმივი განახლება სჭირდება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.