კახა კახიშვილი - მადლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს და სამინისტროს სრულ შემადგენლობას იმ ურთულესი სამუშაოსთვის, რომელსაც თქვენ ეწევით
მინდა, მადლობა გადავუხადო მინისტრს, სამინისტროს სრულ შემადგენლობას იმ ურთულესი სამუშაოსთვის, რომელსაც თქვენ ეწევით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას – მეგზევეს, კონტრაქტორ პირებს, დონორებს, მუშებს, რომლებიც ახლაც, ნებისმიერი კლიმატური პირობების მიუხედავად, დგანან და მუშაობენ. მადლობა ასევე იმ კვალიფიციური ანგარიშს წარდგენისთვის, რომელიც პარლამენტს და საზოგადოებას გააცანით, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრს თხოვნით მიმართა და მაღალმთიან რეგიონებში ჩასატარებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილე კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათის დაწესების წინადადება დააყენა.
„მინდა, გთხოვთ, კონსულტაციები გავმართოთ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, რომ მაღალმთიან რეგიონებს ტენდერის პირობების დროს გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ. მოგეხსენებათ, მთიან რეგიონებში რამდენად რთული კლიმატური პირობებია და ზოგჯერ თანხების ათვისებაც ვერ ხერხდება. ერთია, რომ არავინ არ მიდის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, და მეორეა, რომ წლის მეორე ნახევარში, რთული კლიმატური პირობების გამო, ძნელია, იქ სამუშაოები აწარმოოს. ამიტომ გთხოვთ, რომ იქნებ გამოვნახოთ რამე კონკრეტული გამოსავალი, ან მივაბათ ეს კონკრეტული მაღალმთიანი რეგიონი რომელიმე სხვა ტენდერს, რომ ტენდერში მონაწილე პირი იძულებული გახდეს, მთიან რეგიონშიც ავიდეს, ან შეღავათი ჰქონდეთ კომპანიებს იმისთვის, რომ უღირდეთ იმუშაონ როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.