პარლამენტში 20 მარტს „მინისტრის საათის“ ფორმატში - ვახტანგ გომელაურს, 22 მარტს კი, ინტერპელაციის წესით, ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ
მიმდინარე კვირაში პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. ასევე, ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
როგორც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „მინისტრის საათი“ – ოთხშაბათს, ხოლო ინტერპელაცია პარასკევს გაიმართება.
„ხვალ გვექნება პოლიტიკური განცხადებები და შემდეგ კანონპროექტების განხილვები. ბევრი საკითხი არ გვაქვს და ვფიქრობ, ხვალვე დავასრულებთ განხილვებს. სასურველია, ხვალვე დასრულდეს კენჭისყრები. ოთხშაბათს იქნება შინაგან საქმეთა „მინისტრის საათი“. ხვალ ყველა პროექტს თუ ვერ ვუყარეთ კენჭი, შეიძლება, ოთხშაბათს დილითაც დაგვჭირდეს კენჭისყრა, თუ არა, დილით პირდაპირ დავიწყებთ „მინისტრის საათით“. ხუთშაბათს პლენარული სხდომის საჭიროება ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ, დიდი ალბათობით, ხუთშაბათს პლენარული სხდომა არ გვექნება. პარასკევი არის ინტერპელაციის დღე. როგორც იცით, ამ თვის ბოლო პარასკევია, აქედან გამომდინარე, იქნება ინტერპელაცია საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, რომელიც საზღვარგარეთ არჩევნების საკითხებს შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უმჯობესია, პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხიც ხვალ განიხილოს.
„ვფიქრობ, ხვალ შევძლებთ ყველა კანონპროექტის განხილვას. კარგი იქნება, თუ კენჭისყრაც გვექნება. უმჯობესი იქნება, ვეტოს საკითხიც ხვალ განვიხილოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.