კახა კახიშვილი - აუცილებლად უნდა გადავიდეთ პროფესიულ საარჩევნო კომისიებზე
ჩვენ აუცილებლად უნდა გადავიდეთ პროფესიულ საარჩევნო კომისიებზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახი კახიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ძალიან დიდ საარჩევნო ადმინისტრაციას და მეტ ხარჯს, კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ ეს მეორე ტურები და უაზრო თავის მართლება უფრო ძვირი ჯდება.
„თქვენ თუ გადახედავთ, შემაჯამებელი ოქმების შედგენა ყველა არჩევნებზე პრობლემა იყო. იმდენად დიდი პრობლემა იყო და ბალანსის დასმა იმდენად რთული იყო, რომ 2012 წლამდე რამდენიმეჯერ მოხდა შემაჯამებელი ოქმებიდან სხვადასხვა ინდიკატორის ამოღება, რათა უფრო ადვილი შესავსები გამხდარიყო. იცით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხელფასი რამდენი აქვს? – 250 ლარი; მდივანს 200 ლარი აქვს და წევრებს ამაზე ნაკლები. როცა ადამიანი სამი თვით ადრე არსაიდან მოგყავს და ხელფასს 250 ლარს აძლევ, იმან რა ტრენინგის გავლა უნდა მოასწროს, რომ ყველაფერი ზეპირად იცოდეს? ამას დაუმატეთ 14-საათიანი სამუშაო დრო და ის, 30 კაცი რომ ზედ თავზე გადგას. მე დარღვევებს კი არ ვამართლებ, ვიძახი, რომ სისტემაა არასწორი და ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, ანაზღაურება იმდენად დაბალია, რომ ადამიანს არანაირი სტიმული არ აქვს, ეს პროფესია კარგად ისწავლოს, ძირითად პროფესიად აქციოს და ამაზე იმუშაოს.
„იმიტომ, რომ მას ეს 250 ლარი სულ რაღაც სამი თვე აქვს, მომავალ არჩევნებამდე საერთოდ არანაირი ხელფასი აღარ აქვს და სხვა სამსახურში მუშაობს. ამ 250 ლარის გამო ისინი ამხელა წნეხში გადიან, სადაც მთელი საქართველოს პოლიტიკური ბედი წყდება, მილიონი ინტერესია, მილიონი შემოთავაზება, მილიონი ბულინგი და მილიონი შეურაცხყოფა, რასაც რთულია, გაუძლო. არ არის არანაირი სოციალური გარანტია, არც დაზღვევა და არც არაფერი“, – განაცხადა კახიშვილმა.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, რა თქმა უნდა, ეს ხარვეზებს არ ამართლებს, მაგრამ ყველა დამკვირვებელმა თქვა, რომ დარღვევები იყო, მაგრამ ეს დარღვევები არ არის ის დარღვევები, რომელმაც შედეგი შეცვალა.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული იყოს, კახი კახიშვილმა აღნიშნა, რომ ის მოლაპარაკებებში ჩართული არ არის და არ სურს, მისმა განცხადებებმა პოლიტიკურ პროცესს ხელი შეუშალოს, თუმცა, თეორიულად, რთულად წარმოუდგენია, რომ პარლამენტში შესვლის სურვილი ვინმეს არ გაუჩნდება.
„შეიძლება, ეს პარლამენტის პირველ დღეს არ მოხდეს, მაგრამ მოხდეს ახალი წლის შემდეგ. ვნახოთ, როგორ წავა პროცესები. მე ქვეყნისთვის მინდა, პარლამენტში ოპოზიცია იყოს“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.