კახა გოგოლაშვილი - რუსეთში არჩევნებია და მასზე თავდასხმა, მისი გაღიზიანება ჩვენთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნებოდა
რუსეთის მიმართ პრემიერის განცხადება ან საერთოდ არ უნდა გაკეთებულიყო, ან ამ ეტაპზე მკვახე განცხადების გაკეთება არ ღირდა, – ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა და პოლიტოლოგმა, კახა გოგოლაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო კონტექსტი და ის, რომ რუსეთში ახლა არჩევნებია და მასზე თავდასხმა, მისი გაღიზიანება ჩვენთვის მომგებიანი ნამდვილად არ იქნებოდა“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, ლავროვის უწყების საპასუხო განცხადებაში იყო მალული მოწოდება იმისა, რომ ამ სიტუაციის განმუხტვაში ხელი შეგვიწყონ, ანუ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს არ გადასცემს და პროცესში რუსეთი ჩაერევა.
„ისევე როგორც ჩვენ, რუსეთსაც დიდი რესურსი არ აქვს, რომ ამ შემთხვევაში რამე გააკეთოს. თუ დანაშაული ჩადენილია, რისი ეჭვიც მაქვს, თავად რუსეთს ეს არჩევანი აქვს, რომ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და მათ სამართალდამცავ ორგანოებს დაუპირისპირდეს, რომლებიც პრაქტიკულად რუსულ სტრუქტურებში არიან ინტეგრირებული. რუსული მიდგომითა და იმ ფსიქოლოგიით კი, რომელიც რუსეთშია გამეფებული, არ შეიძლება, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შეეხო და მათი დანაშაული სააშკარაოზე გამოიტანო“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
როგორც „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, პასუხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთიდან მიიღო, მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, ოფიციალურმა კრემლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების გარკვეული ფრაზები თავის სასარგებლოდ გამოიყენა.
„მათ ხაზი გაუსვეს, რომ თითქოს, რუსეთი თანახმაა, საქართველომ დიალოგი აწარმოოს“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.