კახა ძაგანია - „ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე რომ გამოყოფილიყო ოპოზიცია, უფრო მრავალრიცხოვანი მიტინგები გვექნებოდა
თქვენ გგონიათ, ვადამდელი არჩევნები რომ ჩატარდეს „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო უმრავლესობით არ მოვა და რომელიმე სხვა პარტიას გააჭაჭანებს?, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„გირჩი“ აცხადებდა, გაერთიანება ხელისუფლებაში რომ მოვალთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალოვანი პოსტები არ უნდა მივცეთო. კარგით, რა! ვის სჯერა იმის, რომ სააკაშვილი უკრაინიდან რომ ჩამოვა და ამ გამარჯვებულ გაერთიანებას სათავეში მოაჯდება, ძალოვან სტრუქტურებს „გირჩს“ ან ვინმე სხვას დააკომპლექტებინებს და ჯარს „ლელოს“?!“, – განაცხადა ძაგანიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მისი განაყარებისგან ცალკე რომ გამოყოფილიყო, ოპოზიციური პარტიების ერთობა მეტად დამაჯერებელი იქნებოდა.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ ცალკე რომ გამოყოფილიყო ოპოზიცია – პატიოსანი, წესიერი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც კრიმინალური წარსული არ აქვთ, ოპოზიციური პარტიების ერთობა მეტად დამაჯერებელი იქნებოდა და პროპორციული არჩევნების ჩვენი საერთო იდეა მეტად მყარი, ძლიერი გახდებოდა; მასები უფრო მეტად გამოგვყვებოდა და უფრო მრავალრიცხოვანი მიტინგები გვექნებოდა. არ იქნებოდა სახელმწიფო ორგანიზაციების დაბოქლომება, პოლიციელებზე შურისძიების, დაჭერის ძახილი და ა.შ.“, – განაცხადა ძაგანიამ.
ამ განცხადებით კახა ძაგანიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ნიშნავს თუ არა ოპოზიციური პარტიების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ყოფნა ამ ძალის ლეგიტიმაციას, რადგან როგორც ოპოზიციური პარტიები მუდმივად აცხადებდნენ, მას ჩადენილი დანაშაულებებისთვის პასუხი არ უგია და იყო თუ არა იმის რესურსი, ოპოზიციას ცალკე პოლუსი შეექმნა, რომელიც თავის დღის წესრიგს შემოიტანდა და არ გაჰყვებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს.
როგორც ძაგანიამ აღნიშნა, თუ ცალკე გაერთიანდებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ჯერ კიდევ პოლიტიკურ პარტნიორებად თვლის, რუსთაველზე მათთან ერთად დადგება.
მისივე თქმით, სუფთა წარსულის მქონე პარტიებს, რომლებსაც რეიტინგი მართლა აქვთ, თავიანთი რეიტინგის ეშინიათ, რადგან ჰგონიათ, რომ ხალხს ვერ გამოიყვანენ და ამის შიშით, მახინჯი ერთობა გააკეთეს.
„არადა, დარწმუნებული ვარ, ეს ჯგუფი რომ გამოყოფილიყო, უფრო მეტ შედეგს დადებდა“, – განაცხადა ძაგანიამ.
„მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა დებატში მონაწილე მოძრაობა „ლელოს“ წევრს, გრიგოლ გეგელიას ურჩია, „ლელომ“ პირველი ნაბიჯები ეშმაკობებით არ გადადგას.
„პირველი ნაბიჯებია თქვენი პოლიტიკური ორგანიზაციის და ჩემი თხოვნა და კეთილი რჩევა იქნება, ასეთი ეშმაკობებით არ გადადგათ პირველი ნაბიჯები. იქ, შეკრებაზე მიდიხართ, ლაპარაკობთ და აქაც, მიტინგზე მოდი და დამიდექიო, რომ იძახით, ასე არ არის. თქვენი ამომრჩეველი გიყურებთ. გამოეყავით „ნაციონალურ მოძრაობას“ და გეუბნებით, მოვალ და ჯარისკაცად დაგიჯდებით“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, რომ „ლელო“ არავისთან ერთად არ არის და არც იქნება.