კახა ძაგანია - ევროპელებიც დარწმუნდებიან, რომ 50 მილიონის ქურდის გამო, პოლიტიკური მიზნებისთვის ატყდა საქმე
2012 წელს, საზოგადოების მოთხოვნა არ იყო, სამართლიანობა აღდგენილიყო და დამნაშავეების დასჯაში ასახულიყო? ჩვენ არ ვთხოვდით გიგი უგულავასნაირი დამნაშავეები დაეჭირათ, ახლა რატომ შეიცვალეს აზრი,- ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, კახა ძაგანიამ თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულვას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მატერიალური და პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე, პოლიტიკოსების ნაწილმა შეიცვალა აზრი, რომ უგულავა დამნაშავე არ არის.
„ვერ გამიგია, საზოგადოების მოთხოვნა არ იყო 2012 წელს რომ სამართლიანობა აღდგენილიყო და დამნაშავეების დასჯაში ასახულიყო? ჩვენ არ ვთხოვდით გიგი უგულავასნაირი დამნაშავეები დაეჭირათ, ახლა რატომ შეიცვალეს აზრი? პასუხი ნათელია, მატერიალურმა და პოლიტიკურმა ინტერესმა ვითომ და პოლიტიკოსების, ოპოზიციის წევრების აზრი შეცვალა, რომ უგულავა არ არის დამნაშავე და მას არ მოუპარავს 50 მილიონი“,- განაცხადა კახა ძაგანიამ.
თუმცა, კახა ძაგანია აცხადებს, რომ ხელისუფლების მიმართ შენიშვნა აქვს.
„უგულავა ან თავის დროზე უნდა დაეჭირათ, რომ უფრო ადრე დამთავრებულიყო სასამართლო პროცესი ან სასამართლოს უნდა ეცალა არჩევნებდე და არჩევნების შემდეგ განეხორციელებინა კანონიერი მართლმსაჯულება, რაც არ გააკეთა“ ,- განაცხადა კახა ძაგანიამ.
რაც შეეხება გიგი უგულავას საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის გამოგზავნის საკითხს, ძაგანიას თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოსასვლელად მზად არიან, რაც კარგია.
„როგორც ვიცით, „ევროპული სოციალისტური პარტია“, ევროპარლამენტარები უკვე მზად არიან, ჩამოვიდნენ და გაიარონ უგულავას საკითხი. ეს ძალიან კარგი იქნება, ნათელს მოჰფენს, რამდენად დამნაშავეა უგულავა, თუ არ არის დამნაშავე. თავად ევროპელებიც დარწმუნდებიან, რომ 50 მილიონის ქურდის გამო არის ტყუილუბრალოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის ატეხილი საქმე. წარმოიდგინეთ, რამდენი კარგი საქმე შეიძლება, გაკეთებულიყო დედაქალაქში 50 მილიონი ლარით. 50 მილიონის ქურდი უნდათ, შემოგვასაღონ პოლიტიკურ პატიმრად და ანგელოზად. გამოჩნდება შავი და თეთრი. ნახავენ, რომ უგულავა, ხალხის ფულის, 50 მილიონის ქურდი ციხეში უნდა იჯდეს. დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს. 50 მილიონის გამო ჩვენი ასობით თანამოქალაქე დაზარალდა“,- განაცხადა კახა ძაგანიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.
ამასთან, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნოს ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.