კახა ბექაური - მხოლოდ „რუსთავი 2“ დაობს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რომ მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონი არ აღსრულდეს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ამ დრომდე მედიასაშუალებების მიერ სრულყოფილად არ სრულდება.
როგორც კახა ბექაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონის არაღსრულება პრობლემაა.
„2011 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლითაც გამჭვირვალე გახდა მფლობელები, მაგრამ ეს არასაკმარისი იყო. 2013 წელს მიღებული კანონი ავალდებულებდა ტელევიზიებს, რომ გამჭვირვალე გაეხადათ თავისი ფინანსები. მაყურებელმა უნდა იცოდეს მფლობელიც და ფინანსებიც, იმისთვის რომ შესაძლებლობა ჰქონდეს ანალიზი გააკეთოს რატომ არის მიკერძოებული ან მიუკერძოებელი, ანუ ვის ინტერესებს ემსახურება”,- განაცხადა ბექაურმა.
მისივე თქმით, ამ დრომდე კანონის აღსრულება ვერ ხერხდება, თუმცა ბექაურის განმარტებით, კანონის აღსრულება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხისმგებლობა და ფუნქციაა.
„კომისიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, აღსრულების მექანიზმი შეიმუშავა, თუმცა აღსრულების მექანიზმი გაასაჩივრა რამდენიმე მაუწყებელმა. ერთ-ერთი მაუწყებლის წარმომადგენელი იყო არასმთავრობო ორგანიზაცია საია. ეს დავა დიდი ხანია გრძელდებოდა. სულ რამდენიმე კვირის წინ პირველ ინსტანციაში დამარცხდა ყველა მაუწყებელი და საია. ანუ სასამართლომ თქვა, რომ აღსრულების მექანიზმი სწორია. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველამ მიიღო და აღიარა გარდა ერთისა, მხოლოდ „რუსთავი ორმა“ გაასაჩივრა სააპელაციოში და კვლავ დაობს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რომ არ აღსრულდეს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონი და შესაბამისი მექანიზმი საქართველოში”,-განაცხადა კახა ბექაურმა.