კახა ბექაური - ყველა მედიასაშუალება მზად არის, საკუთარი შემოსავლები სრულიად გამჭვირვალე გახადოს, გარდა „რუსთავი 2“-ისა
კახა ბექაური - ყველა მედიასაშუალება მზად არის, საკუთარი შემოსავლები სრულიად გამჭვირვალე გახადოს, გარდა „რუსთავი 2“-ისა

მედიის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხს, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში საუბრობს, სოციალურ ქსელში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ეხმაურება.

როგორც კომისიის თავმჯდომარე წერს, ფინანსურ გამჭვირვალობას, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წერს, „რუსთავი 2“ უკვე მეოთხე წელია ეწინააღმდეგება.

„მხოლოდ „რუსთავი 2“ -ია დღეს ის ტელეკომპანია, რომელიც იბრძვის იმ მიზნით, რომ მათი შემოსავლები გამჭვირვალე არ იყოს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულ, 2013 წლის კანონით განსაზღვრულ, მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას, „რუსთავი 2“ უკვე ოთხი წელია ეწინააღმდეგება.

მხოლოდ „რუსთავი 2“ -მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიაკომპანიების შემოსავლების წყაროების შესახებ. მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო საია-ც, სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის წაგებამდე.

აი, სწორედ ამ მიზეზითაა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონის აღსრულება შეჩერებული, უკვე თითქმის ოთხი წელია. დღეს ყველა მედიასაშუალება მზადაა, სრულიად გამჭვირვალე გახადოს საკუთარი შემოსავლები, გარდა რუსთავი 2-ისა“, – წერს სოციალურ ქსელში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ წერს. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, 2013 წელს, მედიის ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ამ დრომდე მედიასაშუალებების მიერ სრულყოფილად არ სრულდება, რაც პრობლემაა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც კანონიდან გამომდინარე, მედიას ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებდა, 2013 წელს, „რუსთავი 2“ -მა და რამდენიმე მაუწყებელმა გაასაჩივრეს, რომელთაგან ერთ-ერთს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე კომისიის ყველა მომჩივანმა მაუწყებელმა რამდენიმე კვირის წინ წააგო, მათ შორის იმ მაუწყებელმა, რომელსაც “საია” იცავდა, საია-მ კომისიის პოზიციის კანონიერება აღიარა და სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. თუმცა სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, „რუსთავი 2“-ი კვლავ მედიის ფინანსური გამჭვირვალობის წინააღმდეგია.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.