კახა ბექაური - მედიაკადემიის ონლაინ მასტერკლასს 625 ათასი მომხმარებელი გაეცნო, მედიასკოლამ კი 150 მედიის წარმომადგენელი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პარლამენტში 2019-2020 წლების ანგარიშის წარდგენისას, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მედიაკადემიის საქმიანობაზე, განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს.
„მედიასკოლა დამწყები და მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებსა და მასტერკლასებს ატარებს. მედიაკრიტიკა – Mediacritic.ge არის პლატფორმა, რომელიც საზოგადოებასა და მედიას შორის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს. „მედიაკრიტიკის“ მიზანი, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა. მედიალაბი კი არის შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის, რომლებიც ციფრული მედიის მიმართულებით მუშაობენ“, – განაცხადა კახა ბექაურმა.
მისი ინფორმაციით, საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა მიუკერძოებელი მედიაკრიტიკის პლატფორმა, რომელიც ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზების შესაძლებლობას ქმნის, რადგან მედიაკრიტიკა როგორც მომხმარებელს, ისე თავად მედიის წარმომადგენლებს ეხმარება.
„მედიაკრიტიკის პლატფორმა ექსპერტებისა დაა პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ შექმნილ სარედაქციო კოდექსს ეფუძნება. 2020 წელს მედიაკრიტიკის მკითხველებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ: 58 რეცენზიას, რომელიც მედიაკრიტიკის ანალიტიკური მიმართულებაა, 63 ბლოგს, რომელიც საავტორო პროდუქტებს მოიცავს სხვადასხვა თემაზე, 178 რეპლიკას, რომელიც ყოველდღიური ახალი ამბების კრიტიკას ეთმობა. მედიაკრიტიკას 2020 წელს ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნო“, – განცხადა კახა ბექაურმა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდმარის ინფორმაციით მედიასკოლამ 2020 წელს ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ 150-მდე მედიის წარმომადგენელი გადაამზადა. ტრენინგები და სემინარები კი ჩატარდა თემებზე, როგორიცა: აღქმის და კომუნიკაციის ფსიქოლოგია, პროპაგანდის ხერხები და შინაარსის მანიპულაციის მექანიზმები, აუდიო და ვიზუალური თხრობა, მიუკერძოებლობის სტანდარტები, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება და სხვა.
კახა ბექაურმა ასევე მედიააკადემიის პროექტ მასტერკლასზე ისაუბრა.
„2020 წელს, როდესაც პანდემიის პირველი წელი იყო, მედიაკადემიამ დაიწყო პროექტი – მასტერკლასი. ეს არის ონლაინლექციები იმის შესახებ, როგორ იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი. ლექციები კი უფასოა ყველასთვის, ვისაც ჟურნალისტიკა აინტერესებს. საინტერესოა, რომ 5 ავტორის ონლაინლექციებს უკვე 625 000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო“,- განაცხადა კახა ბექაურმა.