კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის მასტერკლასი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის მასტერკლასი დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიის „მასტერკლასს“ კიდევ ერთი – ონლაინლექციების სერია დაემატა, რომლის ავტორი მედიამენეჯერი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მასტერკლასი ხუთ ონლაინლექციას მოიცავს და ორგანიზაციული მენეჯმენტით დაინტერესებული ადამიანებისთვის მედიააკადემიის იუთუბარხზე სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი.

ავტორი საკუთარ ლექციებში დეტალურად მიმოიხილავს თანამედროვე მენეჯმენტის საბაზისო პრინციპებს, ორგანიზაციული მართვის გამოწვევებს მენეჯერებისთვის, მისიისა და ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვის ვერტიკალს, ასევე, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შედეგის მისაღწევად გასათვალისწინებელ რჩევებს გვაწვდის.

კომუნიკაციების კომისიის „მასტერკლასს“, თინათინ ბერძენიშვილთან ერთად, უკვე ათი ავტორი ჰყავს. მათ შორის: ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე, ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი, ოპერატორი დავით ჩხიკვიშვილი, პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ჟურნალისტი მაკა ანთიძე, ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე და BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერი ნათია აბრამია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, მედიააკადემია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს, უკვე ორი წელია, ონლაინ მასტერკლასით აძლევს შესაძლებლობას, პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ყველაფერი, რაც მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. მასტერკლასის ონლაინლექციებს კი დაწყების დღიდან ჯამურად ორი მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.