კახა ბექაური - ევროპული სტანდარტით, აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით, არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი, ასეთი ქმედება დასჯადია
კახა ბექაური - ევროპული სტანდარტით, აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით, არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი, ასეთი ქმედება დასჯადია

ევროპული სტანდარტით, აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით, არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი, ასეთი ქმედება დასჯადია, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„დღეს ჩვენს კანონმდებლობაში ცილისწამების საკითხი დარეგულირებული არაა, მე არ ვგულისხმობ სამოქალაქო წესით ცილისწამებაზე სასამართლოში ჩივილს, მე ვგულისხმობ მედიის პასუხისმგებლობის ნაწილს, შეიძლება თუ არა, მედიასაშუალებას მოეთხოვოს პასუხი? ჩემი აზრით, არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა, რომ ამ კუთხით ქართული კანონმდებლობა შეიცვალოს. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ასეთი სტანდარტი მოქმედებს – სად გადის ზღვარი დეზინფორმაციასა და სწორად ინფორმირებას შორის? ევროპული პრაქტიკა ამბობს, რომ აკრძალულია სიძულვილის ენის ტირაჟირება მაუწყებლის საშუალებით. არ აქვს მნიშვნელობა, ამას რესპონდენტი აკეთებს თუ ჟურნალისტი. ამაზე რეაგირებს სახელმწიფო და ასეთი ქმედება დასჯადია“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაურის განცხადებით, ევროპის ყველა ქვეყანაში არსებობს მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი, შესაბამისად ევროპაში ტრადიციულ მედიაში დეზინფორმაციისა და მიკერძოების პრობლემა მოხსნილია, განსხვავებით ქართული მედიისგან.

„ევროპაში არსებობს მიუკერძოებლობის სტანდარტი, რომელიც ემყარება სამ კომპონენტს – მედიასაშუალებას ეკრძალება ფაქტის დამახინჯება, ევალება ფაქტის სიზუსტით გადაცემა, ეკრძალება მოსაზრებისა და ფაქტის ერთმანეთში აღრევა, მან ინფორმირება უნდა გაუკეთოს, გამოყოს უნდა ფაქტი მოსაზრებისგან, გნებავთ ეს რესპონდენტის მოსაზრება იყოს, გნებავთ ჟურნალისტის და მას ამის ვალდებულება აქვს, და მესამე – განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში გავრცელებული უნდა იყოს იმ მედიასაშუალების მიერ, სადაც შუქდება ესა თუ ის მოვლენა – სავალდებულო რეჟიმში მას ვალდებულება აქვს, რომ განსხვავებული მოსაზრებაც გაავრცელოს. მიუკერძოებლობის სტანდარტი ემყარება ამ სამ კომპონენტს და ამ კომპონენტების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო რეაგირებს და იყენებს სანქციებს. ზუსტად აქ გადის ზღვარი დეზინფორმაციასა და სწორად ინფორმირებას შორის“,- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს ევროპაში კლასიკურ მედიაში დეზინფორმაციის პრობლემა საერთოდ აღარ დგას. მისი თქმით, ევროპაში დღეს გამოწვევა ინტერნეტსივრცეა, რომელზეც მუშაობენ დ ფიქრობენ, როგორ მოხდეს ინტერნეტის დეზინფორმაციისგან დაცვა, რომ არ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, როგორც ეს მაუწყებლების და კლასიკური მედიის შემთხვევაში გააკეთეს.