კაკაბეთის მოსახლეობა ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრისთვის საზამთროს მოსავლის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარებას ითხოვს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მოსახლებას სურვილი აქვს, საზამთროს მოსავალი ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფარს უსასყიდლოდ გადასცეს. ამის შესახებ ადგილობრივებმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადეს.
„მოსავალი ბევრია, რეალიზაცია კი, ძალიან დიდი პრობლემაა. საზამთრო მოკრეფიდან რამდენიმე დღეში ფუჭდება და დღე არ გავა, მისი გადაყრა არ მოგვიწიოს“,- განაცხადა კაკაბეთელმა დავით გულაღაშვილმა.
ადგილობრივების თქმით, მებაღეებს სურვილი აქვთ, საზამთროს მოსავალი უსასყიდლოდ გადასცენ თავდაცვის სამინისტროს, ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფარს ან ნებისმიერ უწყებას, ვისაც ამის სურვილი ექნება
„სოფელში გვქონდა ამაზე მსჯელობა და გადაყრის ნაცვლად სურვილი გვაქვს, ვინმე ვასარგებლოთ, მაგრამ არ ვიცით, ვის დავუკავშირდეთ“,- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ოთარ მჭედლიშვილი პირველ არხთან საუბრისას.
კაკაბეთის მოსახლეობა ამბობს, რომ მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან აღებული კრედიტის დაფარვა მოსავლის რეალიზაციის პრობლემის გამო გაუჭირდებათ.