სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობას იკვლევს
სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობას იკვლევს

სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევას აგრძელებს, – ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები საზამთროს მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრა წნორის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც განთავსებულია საზამთროს ნათესები და მიმდინარეობს მოსავლის აღება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ლაბორატორიული კვლევისთვის ადგილზე საზამთროს ნიმუშები აიღეს.

ამასთან, სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ფერმერებს მუდმივად მიეწოდებათ ინფორმაცია და რეკომენდაციები აგროქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ბაზარზე, სავაჭრო ობიექტებსა და აგრარულ ბაზრებში უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში, რომლებიც გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. წლის განმავლობაში 70-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.